მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
18-05-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 118-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, ტურიზმის მსოფლიო ლიდერებთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული ინდუსტრიის გლობალური განვითარება. ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობით, როგორ უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რათა გაძლიერდეს ტურიზმში განათლების, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებები. ამავდროულად გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტურიზმის ლიდერებისთვის გაგვეცნო ის წარმატებული შედეგები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის აღდგენის დინამიკის კუთხით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

118-ე სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.  აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 40-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო, ადმინისტრაცია და ორგანიზაციაა წარდგენილი.  

საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებში. ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიის ფარგლებში „ტურიზმის განახლებული ხედვები“  დისკუსია გაიმართა ტურიზმის სექტორში ინოვაციური კონცეფციების განვითარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იდეები მიაწოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია სფეროს პროფესიონალებთან, რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუწიონ ტურიზმის ორგანიზაციებსა და სექტორს ტურისტული მიმართულებების განვითარების, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებისა და გაზრდილი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021