ირაკლი ნადარეიშვილმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეათე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების წლევანდელი პროგრამის 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. 

წლევანდელი დაჯილდოება ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ვინაიდან მაღალი კლასის საერთაშორისო ინვესტორებითა და ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭოს რამდენიმე წევრმა თავად გადაწყვიტა ინვესტირება ქართულ სტარტაპებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. „უკვე რამდენიმე  წელია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქართული სტარტაპების მხარდასაჭერ მრავალმხრივ პროგრამას ახორციელებს და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი საინტერესო სტარტაპი ჩნდება საქართველოში. თანადაფინანსების, რიგით მეათე საგრანტო პროგრამის შედეგად, გამოვლინდა 20 ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სტარტაპი. ის ფაქტი, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრებმა, თავად გადაწყვიტეს ქართულ სტარტაპებში ინვესტირება,  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ეკოსისტემა არის მზარდი, კონკურენტუნარიანი და ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სტარტაპ, ინოვაციურ ეკოსისტემაში“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©