ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა ბრიუსელში გაიმართა
08-06-2023

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

„ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს და პრივილეგიებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, არამედ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობაა. მისი თქმით, საქართველომ, ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთელ რიგ წარმატებას მიაღწია - 2022 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 29%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20,5% შეადგინა, ამავე პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი იყო. 

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე სურსათის უვნებლობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ასევე ხაზი გაუსვა მიღებულ წარმატებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის.

საქართველოში მწვანე ენერგეტიკის განვითარება, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისება, ენერგოეფექტურობა - ამ და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია  განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის სრული და ეფექტური გამოყენება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის განახლებადი წყაროების სიმძლავრის აუქციონების მოწყობას ინვესტორთა მოზიდვის მიზნით, ასევე, არატრადიციულ წყაროების განვითარებას, როგორებიცაა: წყალბადის, ბიოგაზის, ბიომასის, გეოთერმული ენერგიები და ა.შ.

"შემოთავაზებული სქემა ხელს უწყობს მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©