ლევან დავითაშვილი დევიდ ო’სალივანსა და ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა
27-06-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. 

შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეს არჩევანი დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად. 

დელეგაციის წევრებთან დეტალურად იქნა განხილული, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით. 

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით. მისივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მხრივ. 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალი სანქციების შესრულების კუთხით რისკების პრევენციის მხრივ პარტნიორების დახმარებას და დეტალურად მოხდება ამის განხილვა შესაბამის უწყებებთან.

„ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისივე განცხადებით, საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს დელეგაციის მხრიდანაც აღინიშნა. 

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. 
„ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.