ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის.
ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი.
შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70