რომეო მიქაუტაძემ UNECE-ს აღმასრულებელ მდივანთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიული პროექტის შესაძლებლობები განიხილა
13-09-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ტატიანა მოლჩანს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში UNECE-ს ორგანიზებით მიმდინარე მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სათბურის გაზების ემისიების შემცირება, მდგრადი ენერგეტიკული სისტემების გაძლიერება, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, სექტორის გაციფრულება და სხვ. განსაკუთრებული ხაზი გაესვა კოოპერაციას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. 

რომეო მიქაუტაძემ UNECE-ს აღმასრულებელ მდივანს გააცნო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე როგორც ევროპაში ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის, ასევე საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდისა და რეგიონში მწვანე ენერგეტიკის განვითარების სტიმულირების მიმართულებით.  

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული სექტორის გაციფრულებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს UNECE-ს წევრ ქვეყნებს შორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021