საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) გაფორმდა
10-10-2023

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით.  

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყოვლისმომცველი და მაღალი დონის შეთანხმება, რომელიც ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97,5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022–2023 წლების მზარდ სავაჭრო ბრუნვაში აისახა. ამასთან, მან იმედი გამოთქვამს, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი.

შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნება საიმპორტო ტარიფი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, საქართველო კი არაბული ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულება. „ჩვენს ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში მოქმედ ინვესტორ კომპანიებს,  ისარგებლონ ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.

შეთანხმების ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილისა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში - მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა. ითქვა, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო მოპოვებით სექტორებში.