ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების საკითხს - აღნიშნულ გეგმას ხელი 2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მოეწერა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით, ექსპორტი კი 265%-ით გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა. ამავე დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ შეთანხმებას მეტი სარგებლის შეუძლია ორივე ქვეყნისთვის.
ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ითქვა, რომ ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს. ქართული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ჩინეთის მარკეტინგული და ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების იდენტიფიცირება ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70