ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს
16-11-2023

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. 

ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონსს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც. 

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთო ღირებულებების, გამძლეობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და, ასევე, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გვაქცევს მნიშვნელოვან აქტორად რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში. მზად ვართ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებისა და ევროპის მწვანე შეთანხმებასთან შემდგომი თანხვედრისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ევროკომისართან საუბრისას. 

მაღალი დონის პირველ ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით. დღეს შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, დაკავშირებადობის განვითარებისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხების გარშემო. ასევე საუბარი შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე. 

„საერთო ენერგეტიკული მომავლის ქვაკუთხედია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის ინოვაციური პროექტი. ეს ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრასტრუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფარგლებში წარმოებული თემატური დისკუსიები ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში კიდევ უფრო დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას. 

დღესვე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ევროკომისარი კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს დაათვალიერებენ, პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.