ლევან დავითაშვილი: „ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან“
21-11-2023

ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა ისაუბრა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების მნიშვნელობაზე როგორც მთლიანად ევროპული კავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისე სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. მისი განცხადებით, ეს ამბიციური გლობალური ინიციატივაა, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას და მთლიანად რეგიონს ევროკავშირთან.

„დღეს შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც მის განხორციელებაზე იმუშავებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს არის აქამდე არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი და ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ვიცე-პრემიერმა მედიასთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო  ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაცია. „ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა და რა თქმა უნდა, ეს განახლებადი ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუმცა, საერთო ძალისხმევითა და მთავრობის მიზანდასახული პოლიტიკით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მეტი პროექტის განვითარებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორების ჩართულობით. ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება სრულ თანხვედრაში ჩვენს კლიმატის მიზნებთან. ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭო დეკემბრის შუა რიცხვებში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სექტორის გასავითარებლად მხარეთა ძალისხმევა დღეს ხელმოწერილ  მემორანდუმში აისახა. 

ბუდაპეშტში მინისტერიალის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით.

 

 

 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021