თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალმა დაიწყო მუშობა
30-11-2023

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დაიწყო მუშაობა. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც პროგრამისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი პარტნიორობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის კუთხით - მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში. შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას და მოქმედებს როგორც ფორუმი, აზრებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გასაზიარებლად, ექსპერტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. 

პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

„დღევანდელი მინისტერიალის დევიზია „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცვლილებების ეპოქაში“. მართლაც, ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მოულოდნელობების ეპოქაში. ჩვენი გუნდური მუშაობის გაძლიერება რეგიონში წარმოადგენს ერთობლივი პროგრესის მიღწევისა და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის ხელშეწყობის მთავარ გასაღებს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის - ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021