საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა
23-02-2024

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, რომელსაც ხელი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სუნგგილ ჩანგმა მოაწერეს. ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება. 

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები. აგრეთვე მოლაპარაკებების ნაწილი დაეთმო შეთანხმებით დაფარულ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს,  როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.  

„კორეის რესპუბლიკა გახლავთ აზიაში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი, რომელიც გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და  მსყიდველუნარიანობით, შეაბამისად ამ პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენი საექსპორტო პროდუქციის განთავსება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან მოლაპარაკება წარმატებით უკვე მიმდინარე წელს დავასრულოთ, აღნიშნული მოლოდინის საშუალებას გვაძლევს მიმდინარე რაუნდზე მიღწეული შედეგები. კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკაში დიდია დაინტერესება საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართაც, რაზეც ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდაც მეტყველებს (ზრდა 191%). დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტმა კორეელმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ და იმოგზაუროს, ასევე მეტი ბიზნესი დააინტერესოს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ  მოლაპარაკების რაუნდის დასრულების შემდეგ. 

გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ მისი გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის. 

ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და საქპატენტიდან.

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021