ვახტანგ ცინცაძემ სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის ტვინინგ-პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
20-06-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის დაფინანსებული ტვინინგ პროექტის, - “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” დასკვნით  ღონისძიებაში.  

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მისი თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) უპირატესობების სრულად გამოყენებას, ქართული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მათ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ტექნიკური ბარიერების გარეშე და საბოლოოდ მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ სფეროებში ეროვნული სისტემების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ახორციელებს. მისი თქმით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (EURAMET, CENCENELEC, ISO, IEC, BIPM, OIML) რაც ხელს უწყობს მის სრულ ინტეგრაციას აღნიშნულ ორგანიზაციებში.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის ტვინინგ პროექტის შედეგად განხორციელებული აქტივობები, რომლის შედეგადაც სააგენტო მიღებულ იქნა ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიან წევრად. მისი თქმით, ასევე წარმატებით დასრულდა სტანდარტების დეპარტამენტის სერთიფიცირების პროცესი, გაიცა ევროპული სტანდარტის ენ ისო 9001:2015 ,,ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“ შესაბამისობის სერთიფიკატი, მომზადდა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროექტები სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროებში. 

„აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ხელს უწყობს აამაღლოს სააგენტოს როგორც, რეგიონალური ჰაბის როლი მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის მიმართულებებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021