ლევან დავითაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა
23-08-2024

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ დანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. 

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მას ასევე დაესწრო სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. მათ შორის, სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ორმხრივი ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებში. 

ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან სექტორს. ითქვა, რომ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მეტად დაახლოების მიზნით, ჩატარდება სავაჭრო მისიები და ბიზნეს ფორუმები, რომლებზეც ქართველ და ბრიტანელ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და სხვ. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონულ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სისტემებში ინტეგრაციის მიმართულებით.       

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. აღინიშნა, რომ წამყვან ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, რომლის დასრულების შემდეგაც ბრიტანული ავიაკომპანიები შეძლებენ რეგულარული რეისების განხორციელებას საქართველოსთან. 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.