პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, აგრეთვე ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ივა პეტროვა, რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივანი მირჩა აბრუდეანი და ევროკომისიის წარმომადგენელი სირილ ლუაზელი. მინისტრიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.
მისასალმებელ სიტყვაში, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
„საქართველო ამაყობს, რომ ასრულებს მთავარ როლს ამ პროექტში. მინისტრთა პირველი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი სამუშაო გაკეთდა ამ პროექტის შესასრულებლად. სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის თანახმად, პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იყო შედეგიანი და ჩვენი შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მონაწილე ენერგეტიკულ კომპანიებს შორის შეთახმებაზე ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი იყოს წარმატებული. „ჩვენი თანამშრომლობით შეგვიძლია შევქმნათ უფრო მდგრადი და წარმატებული მომავალი ჩვენი ქვეყნებისათვის და მათ ფარგლებს გარეთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტერიალზე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ „CESI“ გამართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის შესახებ.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს.
მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემას“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და „MVM Zrt”-ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
მინისტერიალის შემდგომ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა როგორც ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაზე, ისე ზოგადად პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ხელს შეუწყობს არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას. „ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრეძლვადიანი იქნება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70