პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დაახლოებაზე დიდი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებამ, რომელიც ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს.
ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტზე, რომელიც წარმოადგენს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების ერთგვარ გაგრძელებას და მათ პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს დააკავშირებს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გაზარდა მოთხოვნა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე, ისეთი ლოგისტიკური პროექტები კი, როგორიცაა თბილისის მშრალი პორტი, ხელს შეუწყობს აღნიშნულ დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
შეხვედრაზე განიხილეს თბილისის მშრალი პორტის პროექტის მაჩვენებლები, მათ შორის, წლიური გამტარუნარიანობა, რომელიც გათვალისწინებულია 200000 TEU-მდე. ითქვა, რომ უკვე დასრულდა ტერიტორიის მოპირკეთება, ოფისის მშენებლობა, B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა. მშრალი პორტი 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებს ფუნქციონირებას.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70