ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
01-12-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი, რომელიც 2-წლიანი პაუზის შედეგად წელს პირველად ჩატარდა, 1-2 დეკემბერს გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში არიან. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი. 

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, ასევე ციფრული ბაზრის განვითარებას, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვას. შედეგად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს  შორის ურთიერთობისას.

„საქართველოში საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკის ყველა სექტორის შემდგომი განვითარებისათვის რეგიონში, რამდენადაც მას შეუძლია გააუმჯობესოს ოპტიკური კაბელის მოცულობა, ციფრული სერვისების ხარისხი, ისევე როგორც ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კავშირის ბაზარზე გაუმჯობესებული კონკურენციის გამო. აღნიშნული მომავალში  დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

ფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ GITI 2022-ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. მისი მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.  

კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. 

კონფერენციის მთავარი მიზანია რეგიონის სახელმწიფოებში საჯარო და კერძო სექტორს, აკადემიური წრეებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაკავებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების ამაღლების კუთხით. GITI 2022-ის ძირითადი საკითხებია: ციფრული ტრანსფორმაცია; სამთავრობო ტექნოლოგიები; მონაცემთა მართვა; ფინტექი; ინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება; რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარება და სხვ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021