ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა
04-05-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს იოშიკავა იუმის შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს აღიარა და მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს, იყო სწორედ იაპონია. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავებით, რისთვისაც აქტიურად იყენებს ყველა პლატფორმას და ინსტრუმენტს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცებას.

„საქართველოსა და იაპონიას შორის არსებობს ძალიან მეგობრული, პარტნიორული, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ხაზგასასმელია ის ძალისხმევა, რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ამ ურთიერთობის კიდევ უფრო  გაძლიერებისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან შეხვედრისას. 

შეხვედრაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასა და იმ სარგებელზე, რასაც ნავსადგურის ამოქმედება მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, ხაზი გაესვა ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის მიმდებარედ წარმოების, ასევე ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. 

ვიცე-პრემიერმა იაპონურ მხარესთან ერთად ასევე განიხილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ისაუბრა განახლებად ენერგოპოლიტიკაზე, რომელიც, ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა სტუმრებს დეტალურად წარუდგინა საქართველოს მთავრობის ხედვა, რეფორმები და ის პროექტები, რომლებიც ენერგეტიკის დარგში ხორციელდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონური კომპანიები დიდ დაინტერესებას გამოხატავენ საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი პროექტების შექმნა-განვითარების კუთხით, მათთვის აგრეთვე საინტერესოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს - 2023 წლის სამი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და იაპონიას შორის  62%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, ზრდა 57%-ია. ზრდის კარგი ტენდენციები ფიქსირდება ასევე პირდაპირი ინვესტიციებისა და ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროში იაპონიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

 


 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021