ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
01-03-2024

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. 

ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე მონაწილე ქვეყნების მინისტრთა სესიაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი)  ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით ასევე მონაწილეობენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021