პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია.
ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია.
„ახალქალაქი ჰესის პროექტი წარმატებული მაგალითია, რომლებიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით წარმატებით განხორციელდეს“ - განაცხადა მინისტრმა.
ახალქალაქის ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ლევან დავითაშვილის თქმით, ისლანდიური ინვესტიციით აშენებული ჰესი საინტერესოა არამხოლოდ იმით, რომ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტს წარმოადგენს, არამედ იმითაც, რომ მის ფარგლებში არაერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ჰესის მიმდებარე დასახლებებისთვის ინვესტორმა კომპანიამ საკუთარი ინვესტიციით მოაწყო სატუმბო სადგური, სპორტული დარბაზი, მოაწესრიგა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა, მონაწილეობა მიიღო შიდა გზების მშენებლობაში და სხვ.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისას სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი ნორმები. „ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა, რომელიც ისლანდიასთან ენერგეტიკულ სექტორში გვაქვს, უნდა გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ისლანდიურ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქართველოში კიდევ ვიხილავთ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ისლანდიის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ისლანდიას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო და ისლანდია წარმატებით თანამშრომლობენ და აქვთ ინტერესი, ამ ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს, მითუმეტეს, იმ ენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გააჩნია არამხოლოდ ჰიდროენერგეტიკის, არამედ სხვა, განახლებადი წყაროების მიმართულებითაც.
ახალქალაქის ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANDSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ Landsvirkjun“ არის ისლანდიის უდიდესი ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. ის ფლობს და ოპერირებას უწევს 15 ჰიდრო და 3 გეოთერმულ ელექტროსადგურს ისლანდიაში, დაახლოებით 2,200 მვტ დადგმული სიმძლავრით.
ახალქალაქში ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლეიგურ თორ თორდარსონი და ისლანდიის დელეგაციის სხვა წევრები. ასევე სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, კავკასიის განახლებადი ჰოლდინგის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი და შპს "აისის" დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70