დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენს შეხვდა
13-04-2018

ჩინეთი საქართველოს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის,  ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებაში დაეხმარება, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის“ განვითარებაზე, ამ საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ხორციელდება ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები. ასევე შემუშავებულია გამჭოლი ტარიფი სრულ მარშრუტზე. 

„ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მხარის პოლიტიკურ მხარდაჭერას „შუა დერეფნის განვითარების“ კუთხით, რათა გაიზარდოს მისი როლი და მნიშვნელობა „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. 

ამასთან, ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს, - განაცხადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმა დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებას და მის მეტად დატვირთვას. 

აღნიშნული განცხადება მოჰყვა ქართული მხარის ინტერესს იმის შესახებ, რომ ჩინეთში ე.წ. „შუა დერეფნის“ პოპულარიზების მიზნით საქართველოს ორგანიზებით „როუდ შოუები“ მოეწყოს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ჩინეთის ადგილობრივი პროვინციების სამთავრობო სექტორის ფინანსური და ორგანიზაციული კუთხით მხარდაჭერა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაში აღმოუჩენს მხარდაჭერას. ასევე შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. ჩინეთის მინისტრის განცხადებით, ივნისში ჩინეთის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს ქართული მხარის წარმომადგენლებთან და მოამზადებს წინადადებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს გულთბილი დახვედრისა და ორმხრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მან ჩინელი კოლეგა 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოიპატიჟა.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.