„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელური დისკუსია „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ გაიმართა. დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს, ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნეს ოპერაციებს.
„ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზაობის“ (B-READY) ინდექსის ვაჭრობის ჭრილში მსოფლიოში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ მიმზიდველ გარემოსა და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი განცხადებით, ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროში ინვესტიციებზე საუბრისას მთავარი აქცენტი პროექტის ღირებულებაზე კეთდება, მეორე - ცოდნის განახლების პროცესი, მესამე კი ქვეყნის ეკონომიკაში კონტრიბუციაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თითოეული ინვესტიციის მნიშვნელობას, რომელსაც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ბიზნესმენი.
„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდება - გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რაც ნიშნავს წინსვლას და ამით საქართველო რეგიონში ლიდერია. ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნესის სექტორს. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მუდამ არის სტუმართმოყვარე ქვეყნების რიცხვში, რაც ხელს უწყობს ინვესტორების მოზიდვას“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, Galt & Taggart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა, Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ოლივერ სტენტონმა და Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკირ ტივნიკლმა. მათ ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელთა გამოც საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად პერსპექტიული და საინტერესო ქვეყანაა.
„ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია. საბოლოოდ, ყველაფერი უკავშირდება ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და იმ დადებით მაჩვენებლებს, რაც საქართველოშია. ეკონომიკის 9%-იანი, თუნდაც 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითია - ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია“ - აღნიშნა ალაბარმა.
მისი შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის ხელმძღვანელობას და დარგობრივ პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ძლიერ, ბრძნულ და სტაბილური ხელმძღვანელობის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა დიდი პატივია ჩემთვის. ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი მანდო“ - აღნიშნა მოჰამედ ალი ალაბარმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70