მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ფინანსურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა
23-10-2025

„სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგს და ღია ფინანსებს, რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და აბალანსებს, როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თბილისის ფინანსური სამიტი", თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნეს. 

მინისტრის შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.  

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტიც რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამის ნათელი დადასტურებაა დღის წესრიგში შესული საკითხები, მათ შორის, მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგიონში შესაბამისი რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვისა თუ შუა დერეფნის პოტენციალის თემატიკა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო აქტიური პოლიტიკით ხელს უწყობს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 500 Georgia-ს ვენჩურული ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და რომლის ზომა 20 მილიონი აშშ დოლარია. ამ ფონდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 59 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე 4 ახალი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ვაპირებთ ყოველწლიურად გადავამზადოთ 160 სტარტაპი. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი  ინოვაციური სტარტაპები, შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას, 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს“ - განაცხადა მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას.

„ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ჰაბი, ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმით, ტექნოლოგიური პარკით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრით, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრითა და საერთაშორისო IT კომპანიებისათვის სპეციალურად გამოყოფილი საოფისე სივრცეებით“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარებაა.