საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს აკავშირებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება“ - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის მოხსენებაში აქცენტი გააკეთა შუა დერეფანში ტვირთნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენციაზე, რაც მზარდ საერთაშორისო ნდობას ადასტურებს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ფუნდამენტური ელემენტია და მიზნად ისახავს როგორც გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, ასევე ახალი რეგიონული ლოგისტიკური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
მინისტრის შეფასებით, შუა დერეფანი, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს, სწრაფად ჩამოყალიბდა საიმედო, შეუცვლელ სავაჭრო მარშრუტად და იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვები სტაბილურობასა და მდგრადობას ეძებენ, მისი მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია.
„საქართველოს სტრატეგიული უპირატესობა განპირობებულია ინტეგრირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, რომელიც მოიცავს თანამედროვე პორტებს, გაფართოებულ სარკინიგზო ქსელსა და განახლებულ მაგისტრალებს, რომლებიც ერთიანი სისტემის სახით ფუნქციონირებენ. ამგვარი თავსებადობა გადამწყვეტია, რადგან ის ხელს უწყობს ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას ევროპასა და აზიას შორის“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.
„საქართველოს ნავსადგურები აგრძელებენ სტაბილურ ფუნქციონირებას: 2025 წელს, გასულ წელთან შედარებით, უკვე გვაქვს კონტეინერების მოცულობების ზრდა და არსებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 700 000-სს გადააჭარბებს. ასეთი განვითარება ხაზს უსვამს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს პროგნოზირებადობას, გამჭვირვალობასა და დაკავშირებადობას“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის მოხსენებაში ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიაზე, რომელიც ცალსახად ძლიერია და 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. მინისტრის თქმით, ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა იყო.
„საქართველოს მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა დღეს 20 000-ს აღემატება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ელჩები არიან მსოფლიო ოკეანეებში. მათი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70