მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა
27-11-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელთან, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან,  სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ და ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან ერთად, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. 

ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა. 

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის განვითარებას მიეძღვნა, მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მსხვილ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ექსპლუატაციაში. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტად, მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზის მოდერნიზაცია დაასახელა. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად გორმაგდება  გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდება სატრანზიტო დრო, კერძოდ, საკონტეინერო ვაგონით გადაზიდვის პერიოდი 24 საათიდან 12 საათამდე შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ტვირთების უფრო ეფექტურ, დაჩქარებულ და საიმედო გადაზიდვას აღმოსავლეთ - დასავლეთის დერეფნის გასწვრივ.

„მომავალ წელს გაფართოვდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა, რათა ტრანზიტულ და საექსპორტო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ. ასევე დასკვნით ფაზაშია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა. მისი სრულად ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი უზრუნველყოფს უწყვეტ და ეფექტიან ოპერაციებს როგორც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ისე  მთელ დერეფანში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება დაასახელა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტი მოემსახურება დიდ კონტეინერმზიდ გემებს და გახდება საკვანძო საზღვაო ჰაბი ტრანზიტისთვის ევროპასა და აზიას შორის. „აღნიშნული პროექტის ამოქმედების შემდეგ, ანაკლიის ნავსადგური პირველ ფაზაში 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს შავი ზღვის რეგიონში მთავარი სატრანზიტო ჰაბი ცენტრალური აზიის ვაჭრობისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს დამატებით ხელს უწყობს საბორნე სერვისების გაფართოება ევროკავშირის პორტებთან, მათ შორის, კონსტანცასთან, ბურგასსთან და ვარნასთან, ასევე ლოგისტიკური ზონებისა და მშრალი პორტების განვითარება, რათა ხელი შეეწყოს მულტიმოდალურ ოპერაციებს.  

„ჩვენი სატრანსპორტო და დაკავშირებადობის დღის წესრიგი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მას ევროკავშირის ინიციატივები აძლიერებს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის  (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთთავსებადია. შედეგად, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები სინქრონიზებული და სრულად თავსებადია ფართო ევროპულ ქსელთან. ევროკავშირის Global Gateway ინიციატივაში საქართველოს როლი ცალსახაა. შავი ზღვის, როგორც სტრატეგიული გასასვლელის პოზიციონირებით, სატრანზიტო მარშრუტების დაცვით და ვაჭრობის ხელშეწყობით, საქართველო აძლიერებს მთელი ევროპისა და აზიის კონტინენტების მდგრადობას, რითაც სატრანზიტო ქვეყნიდან დამაკავშირებელ ჰაბად გარდაიქმნება“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი კასპიის ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ მომავალი შეთანხმებით, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელს მოაწერება თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს შორის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეს ინიციატივა შექმნის ახალ მულტიმოდალურ კავშირს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირამდე და გაზრდის დაკავშირებადობას, მოახდენს წვდომის მარშრუტების დივერსიფიკაციას და გააძლიერებს მდგრადობას.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პრიორიტეტები იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, რკინიგზის ლოკომოტივებისა და სატვირთო პარკის განახლება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის დასრულება და ერთიანი ციფრული სერვისების დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის. ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის გამტარუნარიანობასა და ოპერაციულ ეფექტიანობას, ასევე ქვეყნის სარკინიგზო გადაკვეთის დროს 30%-ით შეამცირებს.

„ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გასახსნელად, აუცილებელია კოორდინირებული დაფინანსება. საქართველო, ძირითად სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 2032 წლამდე 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ ამბიციის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუდმივი ჩართულობა, რომელთა გამოცდილება და გრძელვადიანი კაპიტალი შეუცვლელია, არამედ კერძო სექტორის ინვესტიციების უფრო ძლიერი მობილიზება. მხოლოდ საჯარო და კერძო დაფინანსების მონაწილეების კარგად შეთანხმებული პარტნიორობით იქნება შესაძლებელი რეგიონში ისეთი თანამედროვე, ეფექტური და მდგრადი ქსელების ჩამოყალიბება, რასაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკა მოითხოვს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.