თამარ იოსელიანმა იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო მინისტრის მოადგილესთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
22-12-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო მინისტრის მოადგილეს ჰიდეტო კავასაკის, იაპონიის პარლამენტის წევრს კარენ მაკიშიმასა და ციფრული სააგენტოს  წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ციფრულ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გავლით ევროპასა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, გლობალური ფართოზოლოვანი მაღალსიჩქარიანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული „მონაცემთა ცენტრების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას მაღალი გამტარიანობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებითა და ჰიპერ მასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დააკავშირებს. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებით“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ორივე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ადრეული გაფრთხილების ფიჭური მაუწყებლობის სისტემის დანერგვის, საჯარო ადმინისტრირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების, ციფრული და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოების, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე. იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ორ ქვეყანას შორის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებიან, მზაობა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და შემდგომი განვითარებისთვის.