ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაში „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში” მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2025 წლის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ლიდერობას როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის. 2021-2024 წლების განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.8% შეადგინა, მიმდინარე წელს კი უკვე გადავაჭარბეთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზებს და წლევანდელი საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ს აღწევს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელი საქართველოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა ღირსეული შედეგებით სრულდება. მინისტრმა ყურადღება რეგიონულ და მსოფლიო გარემო ფაქტორებზე გაამახვილა, სექტორული მიმართულებების სტაბილურ ზრდაზე ისაუბრა და ამ კუთხით ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო სექტორებზე, ასევე ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობაზე გააკეთა აქცენტი.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დივერსიფიცირებულ პოლიტიკას ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას და სექტორებთან მიმართებაში ამცირებს დამოკიდებულებას კონკრეტულ ქვეყნებზე. მინისტრმა ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ზრდაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეტაპობრივად დაიწყოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკისა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მისი შეფასებით, დიპლომატიური კორპუსის, ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „იგლ ჰილს“-ის პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს არავითარი რისკები, რაზეც ხშირად სპეკულირებენ.
„სახელმწიფოს არავითარი ფორმით არ აუღია რაიმე ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის. ხაზგასასმელია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც იგივე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი ნამდვილად განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, 33 პროცენტიანი წილით, რაც, დამატებითი შესაძლებლობაა ქვეყნის ბიუჯეტისთვის. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას, დაახლოებით 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დაწყების დღიდან და პროექტის ოპერირების დაწყების შემდეგ უკვე დაახლოებით 8000 სამუშაო ადგილი. ამას გარდა, მშენებლობის დაწყებიდან ყოველწლიურად, ბიუჯეტი მინიმუმ 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულად კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33 პროცენტი წილის პროპორციული დივიდენდი ექნება - ყოველწლიურად 200 მილიონი ლარი.
ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ე.წ. „არაბიზაციის“ შესახებ და აღნიშნა, რომ არავითარი კავშირი ინვესტიციას მიგრაციის ზრდასთან არ აქვს, ასევე არავითარი კავშირი არ იქნება, მათ შორის, ბინებისა თუ აპარტამენტების გაყიდვასა და ბინადრობის უფლების მინიჭებას შორის.
მინისტრმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე ასევე ყურადრება გაამახვილა ტურიზმის სექტორის 2025 წლის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე და აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი დარგია - რეკორდულია მიმდინარე წლის სამი კვარტლის შემოსავალი სექტორიდან და 3,6 მლრდ. აშშ. დოლარს შეადგენს. „საქართველოს ტურიზმი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მზარდია ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ამ სწორი ბალანსით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი იზრდება“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება ავიამიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იყო - დღესდღეობით საქართველოში 70-ზე მეტი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისებს 120 მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო ხელმისაწვდომობასა და ტურისტულ მიმზიდველობას.
მარიამ ქვრივიშვილმა მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს მნიშვნელოვან პროცესებში ჩართულობისა და გაწეული ძალისხმევისთვის.
ენერგეტიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ენერგეტიკას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრის განცხადებით, მთავრობას ზუსტად განსაზღვრული ხედვა და მკაფიო გეგმა აქვს, რათა წლიდან წლამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები და ქვეყანა გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, 2032 წლამდე საქართველოში დადგმული სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჭარბი გენერაციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, საქართველო ასევე განაგრძობს იყოს ტრანზიტული ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში.
მინიტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც, მისი შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისთვის. „ეს მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ენერგეტიკული სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ“ - აღნიშნა მინისტრმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70