ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პროცესში.
„2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე და გარდამტეხი აღმოჩნდა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის არაერთ სფეროში რეფორმის სრულიად ახალი და ღრმა პროცესი წამოვიწყეთ. ეს შეეხო საწარმოთა ოპტიმიზაციას, მიმდინარე ვალდებულებების, კონტრაქტების და გეგმების რევიზიას, ხარვეზების აღმოჩენას, აღმოფხვრას, ბევრგან სისტემურ ცვლილებას, ბევრგან კი სუფთა ფურცლიდან პროცესის განახლებას. ერთ-ერთი ასეთი ნიშანდობლივი, ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის პროექტია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიება ქვიშხეთში, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური - 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა. საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა - გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვესადგურები, ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების და ბლოკირების ახალი სისტემები. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა - 1 მილიარდის ლარის ოდენობით.
„რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს, აიოლებს გადამზიდავთა საქმეს და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს. შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი გააკეთა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, შუა დერეფნის მარშრუტსა და ამ პროცესში ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც, მინისტრის შეფასებით, დერეფანს კიდევ უფრო საიმედოს ხდის. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად გამორჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში. მინისტრის შეფასებით, ამ კომპონენტების გარეშე, შუა დერეფანი, რომლის შეუცვლელი ნაწილიც საქართველოა, გამართულად ვერ იფუნქციონირებს და მიმზიდველობას დაკარგავს. „ასე ვითარდება შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომლის შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სექტორების შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის ხედვასა და გეგმებზე ისაუბრა - სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც რკინიგზის შემდგომ განვითარებას 1 მლრდ ლარი მოხმარდება.
„შედეგად, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის, თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დროს 30 წთ-ით შევამცირებთ. 2026 წელი ასევე გამორჩეული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესი, მშვიდობის პოლიტიკის განუხრელად გატარებასთან ერთად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე გადის. „ყოველი ინიციატივა, ნებისმიერი ახალი თუ მიმდინარე პროექტი, ემსახურება სწორედ ამ ერთადერთ მიზანს - მივიღოთ უკეთესი, უფრო განვითარებული, უკეთ მცხოვრები, მშვიდობიანი და ერთიანი ქვეყანა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70