ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესები, მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე გააკეთა - სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მინისტრის ინფორმაციით, ჯარიმები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობდა - ძირითადად ვადების დაგვიანება, ასევე კომპანიების მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი პასუხისმგებლობის ვერშესრულება.
„ჯარიმების ჩამოწერა ისტორიული, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კერძო სექტორთან კომუნიკაცია და უკუკავშირი გვეხმარება მუშაობის პროცესში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის.
მინისტრის შეფასებით, სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი მოიხსნა ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და ა.შ.
„ენერგეტიკა ობიექტურად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ქვეყნის სწორ განვითარების მიმართულებით. ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯარიმების პატიება წინაპირობებით და დათქმით მოხდება, პირველი და უმთავრესი ახალი ვადების განსაზღვრაა პროექტების ხასიათის შესაბამისად - მზის, ქარის თუ ჰიდრო პროექტია, ასევე პროექტის სტატუსიდან გამომდინარე - კვლევის ეტაპზეა ის თუ მშენებლობის. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ პროცესში მეტი სიცხადე ჰქონდეთ, საჭიროა, ყველასთვის იყოს ნათელი, რომელი პროექტები რა ვადებში განხორციელდება - როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მხრიდან.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხევდრაზე მიმისტრმა ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის ახალი მიდგომები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების საჭიროებებსა და მათი განხორციელების პროცესში სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში სექტორს, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც არის და იქნება მნიშვნელოვანი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, წარმოვუდგინოთ სახელმწიფოს პოზიცია, თუ როგორ შეძლებს ის, გვერდში დაუდგეს ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განსხავებული მიდგომით მხარდაჭერას, რაც შეიძლება, სხვადასხვა ინსტრუმენტებში აისახოს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორის ინტეგრაციას არსებულ პროგრამებში, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ გეგმავს.
„ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანია, ენერგეტიკული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რათა ქვეყანამ შეამციროს ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით გახდეს სრულად თვითკმარი“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და ესკო-ს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70