მარიამ ქვრივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
03-03-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში. 

„ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,  „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. საქართველომ უკვე გამოავლინა ურყევი მხარდაჭერა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ და მივესალმებით თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შექმნას და დააკმაყოფილებს მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში თუ მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11500 მეგავატს მიაღწევს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალი, ხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების, ასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ფლაგმანურ პროექტს, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს და ასევე მწვანე ენერგიის დერეფანს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით,  რომელიც  ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტს მოიცავს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს მიზანი, 2036 წლისთვის მისი ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს. მისი ინფორმაციით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატება, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს არამხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში. 

მინისტერიალსა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.