მარიამ ქვრივიშვილი: „მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო“
14-03-2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენის ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება. 

„დღეს გვაქვს პატივი, საფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარის რეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, ასევე უნიკალური არქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია, თავის მხრივ, ხშირად საუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი. 

„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო. მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით აქვს.

„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა, საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას და ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მედეგობამ, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს. შედეგად ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს, მსგავსი პროექტების განვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. სწორედ ესაა თანამშრომლობის ფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველა მოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა. ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენი საზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარი განმსაზღვრელი: ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვა ჩვენს ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ასევე იგეგმება პირველი საერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა.