მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
25-03-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების, მათ შორის JP Morgan-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი, რეფორმები, მსხვილი სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციასა და კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას ითვალისწინებს, ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმებით კი უკვე შეიქმნა თანამედროვე ბაზრებისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძველი. აღნიშნული რეფორმების სისწორეს ცხადყოფს ისიც, რომ ინვესტორებისგან გაზრდილია ინტერესი ქვეყნის მიმართ, მათ შორის მსხვილი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

სტრუქტურული რეფორმებიდან მინისტრმა ხაზი გაუსვა კაპიტალის ბაზრის რეფორმას, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების შემდგომ, ახალ ეტაპზეა გადასული და მიმოიხილა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ხელშეწყობითაც კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისთვის მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების მოცულობამ 2,7 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ბოლო წლებში გაორმაგებულ მაჩვენებელზე მეტია.  

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ წარმატებით გამოუშვა 500 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები, რამაც გლობალური ინვესტორების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და  მთავრობა გეგმავს, გააძლიეროს როგორც კერძო კაპიტალის ფონდების ასევე სხვა ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობა. 

მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრნენ.