მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
25-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი გამვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს.

„ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთის ნაკადიც.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ფონზე დამატებით 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს.

„მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი. პროექტის განვითარების ამ ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

“განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC), რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ასევე „პეის ჯგუფს“, რომელმაც კერძო ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად აქცია”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს. მისივე განცხადებით, სწორედ ამ ხედვის ნაწილია როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის განვითარება.

„დღევანდელი ინვესტიცია ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი და „პეის ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

პროექტის მეორე ფაზა როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებას, ისე გამტარუნარიანობის ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, აშენდება 250 მეტრის სიგრძისა და 13 მეტრის სიღრმის ახალი ნავმისადგომი; განხორციელდება მისასვლელი წყლის აუზის დაღრმავება; დამონტაჟდება თანამედროვე გემში ჩამტვირთველი მოწყობილობა; მოეწყობა 700-მეტრიანი საკონვეიერო სისტემა, რომელიც კარბამიდის არსებულ საწყობს ახალ ნავმისადგომთან დააკავშირებს.