მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გახსნა
07-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გახსნა, რომელსაც 7 და 8 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობს.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისა ხაზი გაუსვა შუა დერეფანში საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, სტრატეგიულ როლსა და საზღვაო-სატრანსპორტო სექტორში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებს. მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიან გეგმაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და საზღვაო განათლებაში განხორციელებულ ინვესტიციებზე.

„დღევანდელი ფორუმი იმართება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე. გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტი მოდის.

ამასთან, იცვლება კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. დღეს უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული მანძილით. სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი.

საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც - შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სისტემაში და პასუხისმგებლობა, მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით პასუხობს.

„ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას.

ამ ხედვის შესაბამისად, უკვე ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა.

ამ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში.

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა, ხოლო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში ზრდამ 30%-ს მიაღწია.

სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით. საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, - განაცხადა მინისტრმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური.

„ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას.

პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით - არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

თუმცა ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ქართველი მეზღვაურების რაოდენობა 2012 წლიდან 8,000-დან 21,000-ზე მეტამდე გაიზარდა, ხოლო მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილი 1 მილიარდ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროგრესს ხელი შეუწყო მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებულმა 50 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციამ, რის შედეგადაც ქართველ მეზღვაურებს დღეს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა ცნობს.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა  წელს მთავარი სლოგანით- „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ იმართება. 

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მნიშვნელოვნად მაღალი წარმომადგენლობითობით გამოირჩევა . წელს ბათუმში ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს ექნება.