ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მარიამს ქვრივიშვილის განცხადებით, Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის.
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობისა და მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.
„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.
„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს - ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია.
„2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი სწორედ ამ ზრდის ახალი ეტაპია.
„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს - ტრამპის ორგანიზაციას, არქი ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.
„ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე ვიდეოჩართვის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელმაც გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ზრდას გაუსვა ხაზი.
პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი, საკნონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ტრამპის ორგანიზაციის“ ვიცე-პრეზიდენტები, პროექტის პარტნიორები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70