საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიულ დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
„154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედები თქვენ ხართ - ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის. დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტური მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.
„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა. სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. მისივე განცხადებით, დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება, საქართველოს რკინიგზა ამ კი პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.
„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება. უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში. ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.
„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა. დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ასევე მინისტრი მოადგილესა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის.ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიების ფარგლებში "საპატიო რკინიგზელები“ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დააჯილდოვა და მათ ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და რკინიგზის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70