"Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე სტაბილური პერსპექტივით დატოვა
16-05-2026

სარეიტინგო სააგენტო Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე სტაბილური პერსპექტივით დატოვა, სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს მაღალი ეკონომიკური ზრდა, სხვა ‘BB’ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს. 

სარეიტინგო სააგენტო ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს მაღალ და მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე.  Fitch 2026 წელს 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 5-%ს დაუახლოვდება, რაც მნიშვნელოვნად მაღალია BB რეიტინგის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით. 

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა დაბალანსებული და დივერსიფიცირებულია და მხარდაჭერილია ინვესტიციებით, მოხმარებითა და წმინდა ექსპორტით. სააგენტოს შეფასებებში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები. 

Fitch ასევე მიუთითებს საგარეო სექტორის გაძლიერებაზე, რომელთა შორის აღსანიშნავია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრება, რაც წმინდა ექსპორტით არის მხარდაჭერილი, დოლარიზაციის შემცირება და საერთაშორისო რეზერვების ზრდა, რომელმაც 2026 წლის აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.