ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადიციებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური კაპიტალის ქვეყანაა.
“ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები. დღეს ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ იმუშაონ მსოფლიოს 75 საზღვაო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ხოლო მათი უფლებები დაცულია საერთაშორისო კონვენციებისა და სტანდარტების შესაბამისად. საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის, პორტების, ლოგისტიკისა და საზღვაო განათლების განვითარებას”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა აქვს, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომელიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
„ანაკლია საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ტვირთბრუნვის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაჩნდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი დიდი გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურები წარუძღვებიან მსოფლიოს ოკეანეებში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მეზღვაურის დღის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამასთანავე, საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან ერთად გამორჩეული მეზღვაურები დააჯილდოვა.
საქართველო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს ბათუმში მეზღვაურთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70