მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა
15-07-2026

„დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და წამყვანმა ავიაკომპანია China Eastern Airlines შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

სიტვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამყარებს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას.

„ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ ითარგმნება სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ აქტივობაში, როგორ ითარგმნება ტურიზმში, როგორ ითარგმნება პირდაპირ ფრენებში და ეს ყველაფერი როგორ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს ამ ისტორიულ დღეში, რადგან ეს არის პირველი რეგულარული ფრენა, რომელიც შესრულდა ჩვენი დედაქალაქიდან და შესრულდება დღეს მოგვიანებით შანხაის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს რეალურად ყველაზე შორი მანძილის ფრენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაწყებული ფრენების კვირაში სამი სიხშირე ძალიან მალე გახდება ყოველდღიური და დღეში ორი-სამი სიხშირითაც შესრულდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ China Eastern Airlines-ის მიერ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისების შესრულება იქნება მათი კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ოპერირების დაწყება საქართველოში იქნება მათი კომერციული ოპერირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ჩემთვის განსაკუთრებით გასახარი იყო, რომ თბილისი-შანხაის რეისი, ფაქტობრივად სავსე ჩამოვიდა- 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მისი მმართველი გუნდის და, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. ეს არის დიდი ალბათობით და მეტწილად, ასევე შედეგი იმ აქტიური მარკეტინგული კამპანიების, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ახორციელებს.

ყოველწლიურად 7 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება იმისთვის, რომ ჩინეთში გაიზარდოს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობა“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ჭოუ ციენმა, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, საქართველოს საავიაციო სფეროსა და აეროპორტების სექტორის წარმომადგენლებმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩინეთის ელჩს.

„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რომელსაც მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში და მათ შორის დღევანდელი დღეც სიმბოლურია, რადგან თქვენი ძალისხმევით, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ერთად ვზეიმობთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.