ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. ტექნოჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნეს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
“დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური თანამონაწილეობა. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.
„აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ. ჩვენს სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და TUMO - მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს პროექტი სწორედ ქუთაისში განხორციელდა რადგან ბოლო წლებში ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ახალი ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად.
“საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძველი, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება. ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. სწორედ ამიტომ, ვქმნით კონკუნრენტულ ბიზნეს გარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, ვთანამშრომლობთ უნივერსტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა მხარდაჭერით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.
ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70