საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა- განახლებული გრაფიკით თბილისი-ბათუმის, ბათუმი-თბილისის მატარებლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრეს.
მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით.
საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა. ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც.
ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. კერძოდ, უკვე დასრულდა ურეკის, ხაშურის, ზესტაფონის სადგურების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის, ფოთისა და სამტრედიის სადგურებში. იგეგმება ლანჩხუთის, ნატანების, ოზურგეთის, ხობის, გორის და ქუთაისის სადგურების რეაბილიტაცია. აგვისტოს ბოლოს დაიწყება ზესტაფონში ბაქნის სარემონტო სამუშაოებიც.
საქართველოს რკინიგზაში სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. ამჟამად ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს.
განახლებული გრაფიკით თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მატარებლით იმგზავრეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70