მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო
06-08-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა გაიზარდა და 900-ით განისაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აკადემიის ადმინისტრაციამ განაახლა და გაზარდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტმა სტუდენტმა შეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება.

შედეგად, აკადემიაში ეტაპობრივად განახლდა სანავიგაციო ხიდურის, ტვირთბრუნვისა და მდგრადობის, აგრეთვე სამანქანე განყოფილების სასწავლო სიმულატორები, რაც სასწავლებლის სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული მომზადების საშუალებას აძლევს. ასევე, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოებისა და ე.წ. ზღვაზე გადარჩენის ახალი სივრცე. აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფომ სასწავლო ინფრასტრუქტურისა და პროგრამების სრულყოფის მიზნით 40 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ამასთან, სამომავლო პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საზღვაო სფეროში, რომელიც მაღალკვალიფიციურ მეზღვაურებსა და საზღვაო ინდუსტრიის სპეციალისტებს ამზადებს. საქართველოში 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული მეზღვაურია, რაც ორჯერ აღემატება 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს.

მთავრობის პოლიტიკის მიზანია ქვეყანაში საზღვაო დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარება, რაც, თავის მხრივ, ისეთ სასწავლებლებში, როგორიცაა საზღვაო აკადემია, მეტი სტუდენტის მიღებას და, შედეგად, დარგში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამჟამად საზღვაო დარგის ყოველწლიური წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს.

აკადემიაში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

სასწავლებელში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მიაწოდა.