ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის სწრაფ განვითარებას და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლის პირველ 7 თვეში მგზავრთნაკადმა უკვე 4.6 მილიონს გადააჭარბა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის თბილისის, ვაზიანის, ქუთაისის, თელავისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით, კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებული ინიციატივები კი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.
„ამ ზრდას საქართველოს მთავრობა მომზადებული ხვდება და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე პერიოდში გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც ჩვენ 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ.
ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც სრულიად ახალ 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით.
ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე შიდა ფრენების სუბსიდირება განვაგრძოთ, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ხელს უწყობს ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით.
ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მცირე ავიაციის განვითარებას დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია და „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ სწორედ ამ შესაძლებლობების ნათელი დადასტურებაა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ამასთან შეგვიძლია საქართველოში მოვიზიდოთ მეტი უცხოელი კერძო პილოტი, ავიამოყვარული, რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. ამ მხრივ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.
„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტული დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავიაკლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიონი ლარი „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მხარდაჭერით დამტკიცებული სესხია.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებსა და ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები სპეციალურად მოწყობილ ავიაშოუს დაესწრნენ.
„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ უნიკალური, მულტიპროფილური საავიაციო პროექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასაფრენ-დასაფრენ და სამიმოსვლო ბილიკებს, 12 თვითმფრინავზე გათვლილ დიდ ანგარს, საფრენოსნო სკოლას, ავიავილების სარეზიდენციო კომპლექსსა და საავიაციო კლუბს. ინფრასტრუქტურის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრია, ხოლო სიგანე - 18 მეტრი. ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია სამიმოსვლო (Taxiway) ბილიკი, რომელიც ძირითად ასაფრენ ზოლს უერთდება და ავიავილებს უშუალოდ ასაფრენ ბილიკთან აკავშირებს.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70