მარიამ ქვრივიშვილმა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
08-10-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი, მასშტაბური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს - სწორედ ასეთი პროექტია არქი გრანდ ავენიუ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები.

„მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილია მისი განვითარების ახალი ეტაპი - პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას აერთიანებს და თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები - ჰილტონი, ვინდჰემი და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო ჩვენი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება ადგილი, სადაც საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ ოპერირებას კი არ იწყებენ, არამედ გრძელვადიან განვითარებასაც გეგმავენ. მისი თქმით, არქი გრანდ ავენიუ სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია.

„ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ. სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და პარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვა.

არქი გრანდ ავენიუს პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ, ვინჰემის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ფრენჩაიზის ოპერაციების დირექტორმა დევიდ გესტომ, პროექტის პარტნიორებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, კომპლექსი საცხოვრებელ, დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ასევე ველობილიკებს, სკეიტპარკსა და ურბანულ ამფითეატრს გააერთიანებს.