მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
21-10-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შესაბამისი სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო საკითხებსა და მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

ხაზი გაესვა უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობების სათანადოდ განაწილების მნიშვნელობას, რათა ზამთრის სეზონის განმავლობაში შესაძლო გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს მიერ საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონის დაწყებამდე დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური განახლებისა და ხელოვნური გათოვლიანების არეალების გაფართოების საკითხები.

საკოორდინაციო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი ლევან დარსალია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი ასტამურ აჩბა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა გულედანი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერები: კობა გელაძე და კახაბერ ჩიტაური მონაწილეობდნენ.