ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოებს გაეცნო.
გაფართოების მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ის სამგზავრო ტერმინალის გაფართოებას, აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი თვითმფრინავების სადგომების მოწყობასა და მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ტერმინალის საერთო ფართობი დამატებით 21 500 მ2-ით გაიზრდება, რაც მგზავრთა ნაკადების უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. ამასთან, გაორმაგდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და არსებული ხუთის ნაცვლად ათი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებას, ახალი ავიაკომპანიების მოზიდვასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოები თამარ იოსელიანსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, ლევან მოსეშვილს, „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო.
„ტავ ჯორჯია“ TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრია.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70