საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც გასულ წელს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაიდო.
გამოფენის მთავარი თემატიკაა - Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
საქართველოს პავილიონის გახსნას, რომელიც მდგრადი განვითარების სექციაშია განთავსებული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილ დაესწრო. მისი განცხადებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით.
„Expo 2020 Dubai“-ზე საქართველოს პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ბიზნესგარემო.
საქართველოს პავილიონში შესვლამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ცნობილი ქართველების სტენდი, რომლებიც მრავალი წელია შთააგონებენ თაობებს, ხელს უწყობენ ქალთა გაძლიერებას, სპორტის, მეცნიერების, განათლებისა და მუსიკის პოპულარიზაციას. პავილიონის გვერდითი ფასადი გააცნობს მნახველებს მსოფლიოში აღიარებული მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატებს.
პავილიონში შესვლისას ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ აუდიო გიდის მომსახურება: მოისმინონ მოკლე ინფორმაცია ზოგადად ქვეყნის და საქართველოს პავილიონის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნული განხორციელდება QR კოდის მეშვეობით.
გამოფენის ფარგლებში ქართულ პავილიონში გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება - საქართველოს ეროვნული დღე, ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე.
Expo 2020 Dubai, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს, 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70