საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას "Caucasus Build” მასპინძლობს
16-05-2017

"ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა „Caucasus Build” გაიხსნა. კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ინდუსტრიული ღონისძიების გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე დაესწრო.  

ინდუსტრიულ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები - ბაზალტის მწარმოებელი შპს „რება“, “მეგადორისის“ ბრენდის სახელით ცნობილი რკინისა და ხის მწარმოებელი შპს „ოცნება“ და ლამინირებული და დეკორატიულ მინის, მინის აბაზანების და ნიჟარების მწარმოებელი შპს „Glass Work” წარადგენენ. შპს „რება“ და შპს „ოცნება“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობენ. სამივე კომპანიას 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

ინდუსტრიული ღონისძიება საუკეთესო ადგილია პროვაიდერებისათვის, რომლებიც სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტექნოლოგიების სერვისებზე მუშაობენ. გამოფენაზე საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს და დაინტერესებულ  პირებს, საშუალება ეძლევათ გაცვალონ ღირებული ინფორმაცია და დაგეგმონ სამომავლო ბიზნესურთიერთობები. 

რეგიონში არსებული მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, Caucasus Build 2017 საუკეთესო შესაძლებლობაა გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა მათ წარმოადგინონ და დაინტერესებულ ორგანიზაციებს გააცნონუახლესი პროდუქცია  და სერვისები.