ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოში სამუშაო შეხვედრები გამართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰეიდი გომესთან შეხვედრისას, რომელსაც ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას, რომელიც საქართველოზეც აისახება. აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა.
შეხვედრაზე ასევე მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება. ხაზი გაესვა აღინიშნული პროექტის სტრატეგიულობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს.
მხარეებმა განიხილეს საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის საკითხი.
გენადი არველაძემ ჰეიდი გომესი პირადად მოიწვია თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ-ის, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა.
სამუშაო ვიზიტისას, მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველ დირექტორს კარლოს დეხუანას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით კი, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), განხორციელდა საქართველოში არაერთი დარგის დაფინანსება და მხარდაჭერა, როგორიცაა ჯანდაცვა, ტურიზმი, ლოგისტიკა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა აღნიშნული ოფისის საქართველოში გახსნის თაობაზე თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკისთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულების მზაობაზე, შეუფერხებლად მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადებს აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ასევე, განხილული იყო ენერგო უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებულ პროგრესს.
გენადი არველაძემ ალექსანდრე სოკოლოვსკის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა USAID-ის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე ქვეყნის ეკონომიკის ისეთი სექტორების განვითარებაში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვ. ასევე ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც სააგენტო ეწევა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის, აგრეთვე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.
თავის მხრივ, შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გატარებული რეფორმები და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში საქართველოს მიერ სტაბილურად მოწინავე პოზიციების დაკავებას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70