საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია 2025 წლის პირველ ნახევარშიც გრძელდება - წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, აპრილსა და მაისში ზრდამ 7.5%, ხოლო ივნისში - 6.3% შეადგინა. საერთო ჯამში, 2025 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ით განისაზღვრა.
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ის მდგრადობას ინარჩუნებს და სტაბილურად ვითარდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2025 წლის ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელში, რომელიც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,188 ერთეული შეადგინა.
„2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენს, აღსანიშნავია რომ ივნისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ დივერსიფიცირებულია სექტორულ დონეზე - ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო სექტორებმა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
2025 წლის ივნისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების. ამასთან, ივნისში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა - ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა და 640.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 8.4%-ს გაუტოლდა.
2025 წლის მეორე კვარტალში ასევე გაიზარდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები - წლიურად 5.0%-ით და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. მათ შორის - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის აპრილის განახლებულ ანგარიშში კლების მიმართულებით გადახედა გლობალური, წამყვანი ეკონომიკების და ევროპის უმრავლესი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ამ ფონზე სავალუტო ფონდმა საქართველოში გამართული მისიის (სსფ-ის წესდების IV მუხლის კონსულტაციების) ფარგლებში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა, რაც მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს.
„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით. კერძოდ, სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ასევე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და გაძლიერდება წლის ბოლომდე და საქართველო შეძლებს 2025 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურვას“,- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა - გასულ წელს საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70